„საქართველო არის ქრისტიანულ სამყაროში ერთადერთი ქვეყანა, სადაც გეი-აღლუმი არ გამართულა“ – სანდრო ბრეგაძე საფრანგეთის ელჩის განცხადებას ეხმიანება

ხვალ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რადგან ლგბტ თემის აქტივისტებმა თავიანთი ღონისძიებები ივნისში გადაიტანეს, მთავარი სიმძიმის ცენტრი სწორედ 18-25 ივნისს გაიხსნება.
„ხვალ, 15:00 საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან, 17:00 საათზე კი საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას შევუერთდებით, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
რამდენადაც ვიცით, ლგბტ ორგანიზაციამ თავად განაცხადა უარი 17 მაისს რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე და ამას მივესალმები. ვფიქრობ, რომ იგივეს გააკეთებენ 18 ივნისს, როდესაც ლგბტ პრაიდია დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიების ჩატარებაზე.
თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, მზად ვართ, ჩვენი უფლებები დავიცვათ. თუმცა, რაიმე ექცესს არ ველოდები“ – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, რაიმე ტიპის პროვოკაცია, არც ხვალ არის გამორიცხული, რაზეც შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
„მთავარი სიმძიმის ცენტრი გადასულია 18 ივნისისკენ, როცა თბილისში იწყება „გეი-პრაიდი“, რომელიც უნდა გაგრძელდეს 25 ივნისამდე. თუმცა, ხვალაც არ გამოვრიცხავთ რაიმე ტიპის პროვოკაციას.
ძალადობა არ იქნება ჩვენი მხრიდან და არ იქნება მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან. ძალადობა შეიძლება იყოს იმ პროვოკატორი ლგბტ ადამიანების მხრიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიმართავენ გარკვეულ ძალადობის ფორმებს.
თუკი ვინმე ქუჩაში დაგვესხმება თავს, შესაბამისი რეაგირება გვექნება. მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და თუ გვერდით არ დაგვიდგებიან ჩვენ თვითონ შევძლებთ, თავი დავიცვათ,“- აცხადებს ბრეგაძე.
„ქართული მარშის“ ლიდერი ფრანგი დიპლომატის, პასკალ მენიეს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დღეები დათვლილია და მას არავინ ჰკითხავს, საქართველოში ვისი მსვლელობა გაიმართება.
„საფრანგეთის ელჩს მალე მარი ლეპენი მიხედავს. ერთ კვირაში, საფრანგეთში ევრო-პარლამენტის არჩევნები იმართება და უდიდესი უპირატესობით ეროვნული ფრონტი იმარჯვებს.
მაკრონის ლიბერალური ხელისუფლება სრულ კრახს განიცდის. ევროპაში დაწყებულია ნაციონალისტური გადატრიალება. ევროპაში ხდება ნაციონალისტების გამოღვიძება და ეს ნარჩენები, რომლებიც დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენენ და ნარჩენები არიან ძველი ლიბერალების რეჟიმისა, ძალიან მალე დასრულდება.
მინდა, ყველა დიპლომატიური ქვეყნის წარმომადგენლებს ვუთხრა, – ნუ დაიკავებენ ცალმხრივ პოზიციას.
ქრისტიანულ სამყაროში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, სადაც გეი-აღლუმი არ გამართულა. მე ამაყი ვარ ამით, რომ საქართველო არის უკანასკნელი ბასტიონი“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი ღონისძიებები გააუქმეს, თუმცა, კვირეულის გამართვას 18-25 ივნისს გეგმავენ.

საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სექსუალურმა უმცირესობებმა თავიანთი უფლებების გამოხატვა მშვიდ და ცივილურ გარემოში შეძლონ.