საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესია დღეს გაგრძელდება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდება. მისასალმებელი სიტყვით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი ანდრეას მიხაილიდისი წარდგება.

პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში – ეს იქნება მთავარი თემა, რაზეც ანდრეას მიხაილიდისი ისაუბრებს. ქართული მხარე ასამბლეაზე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„დღეს ჩვენ დავიწყებთ საუბარს უკვე მთავარ თემაზე – პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში და ბუნებრივია, ეს არის ძალიან სერიოზული თემა, რომ ერთი მხრივ საკუთარი სამშობლოს გადმოსახედიდან, მეორე მხრივ საერთაშორისო გადმოსახედიდან გავიაზროთ, რა არის მთავარი სოციალურ-პოლიტიკურ გამოწვევები. სამწუხაროდ, საქართველოს ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა აწუხებს, რაც საერთოა მსოფლიო თანამეგობრობისთვის. ეს არის ლტოლვილები, ეს არის ემიგრაცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევა, რაც გამოიხატება ბორდერიზაციისგან გადაადგილების შეზღუდვით, საკუთრების უფლებების ჩამორთმევით. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს არის ჩვენი ერთადერთი ბერკეტი დღევანდლ საქართველოში”, – განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.