სერგეი გავრილოვი: სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს

დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმ რუსულ მედიასთან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილზე დაჯდომა მას ქართულმა მხარემ შესთავაზა. “რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ. სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – დასძენს ის.

სერგეი გავრილოვი სიცრუეს უწოდებს საქართველოს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში იბრძოდა.

“ეს სიცრუე და პროვოკაციაა და ვწუხვარ, რომ ქართულმა მედიამ აიტაცა ეს. ამასთან, ჩვენმა დეპუტატებმა იხილეს, თუ როგორ აძლევდნენ მიმართულებას ინგლისური ენის ამერიკული ვერსიით მოსაუბრე კურატორები ქართველ ჟურნალისტებს“, – განაცხადა გავრილოვმა.

ის მასზე თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ საქართველო უყვარს. ის წუხს, რომ აქციების გამო, თავისი ბაბუის საფლავზე გასვლის უფლება არ მიეცა, რომელიც საქართველოშია დაკრძალული.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.