სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის 4 რაიონში, სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის  მართვის ცენტრის მიერ 28 მაისს კახეთის რეგიონში 765 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
ცენტრის ცნობით, აღნიშნულის შედეგად, კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.
„28 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა. 10:50 საათიდან 18:30 საათამდე საგარეჯოს, თელავის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. მოხდა 80 ერთეულამდე რაკეტის გასროლა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, – აცხადებენ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.