სკანდალური ინტერვიუ დაპატიმრებული იურისტის, ირაკლი კერესელიძის მეუღლესთან, ქეთი ხომერიკთან

 

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  ჟურნალისტ ქეთევან ხომერიკის მეუღლე, იურისტი ირაკლი კერესელიძე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება ( 180 – ე მუხლის 3 ნაწილი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ( 362-ე მუხლი ) წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, ირაკლი კერსელიძეს  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როდესაც გაეცნობი ამ საქმის მასალებს, რწმუნდები, რომ საქმის ზოგიერთი დეტალი თეთრი ძაფით არის შეკერილი. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმები!  – აცხადებს “თვალსაზრისთან” საუბარში  ბრალდებულის მეუღლე ქეთევან ხომერიკი, რომელიც პარალელურად ატარებს თავის ჟურნალისტურ გამოძიებას და პროკურატურას, სუს-ს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ყოფილ მინისტრს, აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეს – ნოდარ ჯავახიშვილს საჯაროდ უსვამს  უხერხულ კითხვებს:

–ქალბატონო ქეთი, ვიცი, რომ ირაკლი კერესელიძის დაკავების დროს თქვენ მასთან ერთად იმყოფებოდით. რა ვითარებაში დააკავეს თქვენი მეუღლე?

–მე და ჩემი მეუღლე ვიყავით კაფე-ბარ ,,დაუნ თაუნში”. კაფედან გამოსვლისას, ირაკლი წავიდა თავისი, მე კი ჩემი ავტომანქანისკენ. ირაკლის დაკავება უფრო წააგავდა სამხედრო ოპერაციას, ვიდრე კანონიერ ღონისძიებას. ჩემს მანქანასთანაც მოცვივდნენ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ადამაინები და ალყაში მომაქციეს.

ისინი ხელებს ურტყამდნენ საქარე მინას და მიყვიროდნენ: ”გადმოეთრიე! გადმოეთრიე!”. ფიზიკურადაც შემეხენ!.. ძალიან მიძნელდება ამის გახსენება. პროკურატურას კი ეყო თავხედობა,  განეცხადებინა: მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და კერესელიძის დაკავებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარაო. სინამდვილეშე,ირაკლის  მოუვიდა გულის შეტევა და ის ჩაფიძის სახელობის კლინიკაში  გადაიყვანეს.

–  რას ედავებოდა პროკურატურა?

–პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი კერესელიძე კომპანია ,,გენჩ ინშაათ”-ის კუთვნილ 60 ათას აშშ დოლარს თაღლითური გზით დაეუფლა. თურქული კომპანია ,, გენჩ ინშაათის” მფლობელის გოქსელ გენჩის საჩივარში მთავარი დეტალი იყო, ვითომცდა, ირაკლიმ დაამზადა ყალბი წერილი მუნიციპალური განვითარების ფონდის – მგფ -ის დირექტორის მოადგილის ხელმოწერით, რომელშიც ეწერა, რომ გოქსელ გენჩის კომპანია ,,გენჩ ინშაათმა” მოიგო ტენდერი.

_ კი მაგრამ, რა კავშირი ჰქონდა ირაკლი კერესელიძეს თურქულ კომპანიასთან ?

– 2016 წლის ნოემბერში ირაკლის მიმართა მისმა ნაცნობმა ბიზნესმენმა, წარსულში პოლიციელმა მურთაზ კაპანაძემ. განუცხადა, რომ მისი მეგობარი, თურქი ბიზნესმენი გოქსელ გენჩი დასახმარებლად ეძებდა კვალიფიციურ იურისტს. საქმე იმაში იყო, რომ გოქსელ გენჩის კომპანია მონაწილეობდა ერთ-ერთ ტენდერში. მან ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და მიიღო დისკვალიფიკაცია. გოქსელ გენჩი თვლიდა, რომ უსამართლოდ იქნა დაჩაგრული და სურდა, დაბრუნებულიყო ტენდერში და მოეგო ის.

რა ტენდერი იყო ?

– ტენდერი ძალზე სერიოზული იყო…

2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ორ ეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის საერთო ღირებულება უდრიდა 110 მილიონ ლარს.

–ოჰო, საქმე სერიოზულ თანხასთამ ჰქონია! რატომ ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი თურქულმა ფირმამ, რატომ მიიღო დისკვალიფიკაცია ?

–საერთოდ, ტენდერში მონაწილე ფირმა ვალდებულია, წარუდგინოს სატენდერო კომისიას, იმის დასტურად, რომ ქმედითუნარიანია, ან ნაღდი ფული, ან გარანტად მოიყვანოს სერიოზული ბანკი. თურქულმა კომპანია ,,გენჩ ინშაათმა” კი, გარანტორად დაასახელა ერაყული ბანკი ,,ჩექინ ზუ”; და ჩემი ვარაუდით, ამ ბანკის გამო, სატენდერო კომისიამ პირველივე ეტაპზე მიანიჭა მას დისკვალიფიკაცია. მაგრამ, ფირმის ხელმძღვანელი გოქსელ გენჩი არ დანებდა და სთხოვა თავის მეგობარს – ივანე კვაჭანტირაძეს, დახმარებოდა, რომ “გენჩ ინშაათი” არათუ მხოლოდ დაბრუნებულიყო ტენდერში, არამედ გაემარჯვა მასში. სანაცვლოდ, გოქსელ გენჩი დაჰპირდა კვაჭანტირაძეს ფირმა ,,გენჩ ინშაათის” ქართული ფილიალის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. თავის მხრივ, ივანე კვაჭანტირაძემ მიმართა ახლო მეგობარს, ზემოთ ხსენებულ მურთაზ კაპანაძეს თხოვნით, მოეძებნა სატენდერო საქმეებში გამოცდილი იურისტი, რომელიც მათ დაეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. მურთაზ კაპანაძე დაუკავშირდა ირაკლის, რომელსაც თავისი ბიძაშვილის, სუს-ის თანამშრომლის – გოჩა ალფაიძის მხრიდან იცნობდა. ირაკლი შეხვდა გოქსელ გენჩს და, თურქული მხარის იურისტების ჩასწორებების შემდეგ, მის კომპანია ,,lchl” და ,,გენჩ ინშაათს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა არა მარტო ტენდერში თურქული კომპანიისთვის სასურველი შედეგის მიღწევას,არამედ თურქული კომპანიის სრულ იურიდიულ მომსახურებას ორი წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების მესამე თავის თანახმად, თურქულ კომპანიას ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, უნდა უზრუნველეყო ირაკლი კერესელიძის კომპანიისთვის ავანსის სახით 80 ათასი დოლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისთვის; ხოლო, ტენდერის მოგების შემთხვევაში, თურქულ კომპანიას უნდა ჩაერიცხა ირაკლის კომპანიისთვის სამი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლე 8 წლიან სასჯელს კუთვნილი ავანსის თანხის მიღების გამო იხდის! ვგულისხმობ იურიდიული მომსახურების ავანსის თანხას.

–თუ ორ კომპანიას შორის იყო დადებული ხელშეკრულება და მათ შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა, რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ? ეს ხომ სამოქალაქო საქმეა?

–სწორედ ეს არის საოცრება. ირაკლიმ კეთილსინდისიერად დაიწყო თავის საქმის შესრულება, ამზადებდა სარჩელს სასამართლოში შესატანად და კანონიერად ითხოვდა გოქსელ გენჩისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კუთვნილ ჰონორარს. თუმცა, გენჩი თანხის გადახდისგან თავს იკავებდა, არ ჩქარობდა. ამით, თურქული კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სამაგიეროდ, ირაკლისგან, თურქებისთვის დამახასიათებელი თავხედობით, ითხოვდა ტენდერის მეორე ეტაპზე დაბრუნებას.

თურქული ფირმის მსგავსმა ქცევამ აიძულა ირაკლი, გადაფრენილიყო ანკარაში და თავზე დადგომოდა ბატონ გენჩს. მან ფაქტობრივად, გამოგლიჯა კუთვნილი თანხიდან ათი ათასი დოლარი და განაგრძო მუშაობა. 2016 წლის დეკემბერში გენჩმა დაურეკა ირაკლის და უთხრა, რომ მიიღო წერილი მგფ-იდან, მაგრამ ვერ ხსნიდა ამ წერილს. ირაკლიმაც მიიღო ეს წერილი. გენჩმა სთხოვა ირაკლის,  დახმარებოდა მას და მის დას წერილის გახსნაში, მანამდე კი თავად ამოებეჭდა და მიეტანა მისთვის სასტუმროში ეს წერილი.

–მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) წერილს ვინ აწერდა ხელს?

–ირაკლიმ და გოქსელ გენჩა თავიანთ ფოსტებზე მიიღეს წერილი მგფ-ის დირექტორის მოადგილის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმოწერით, სადაც ნათქვამი იყო, რომ გოქსელ გენჩის კომპანიამ – “გენჩ ინშაათმა” მოიგო ტენდერი. ირაკლიმ მიუტანა ეს წერილი გოქსელ გენჩს და უთხრა, რომ გადაამოწმებდა ამ წერილს. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, გენჩმა იმის მაგივრად, დათანხმებულიყო თავისი იურისტის გონივრულ წინადადებაზე – წერილის სისწორის გადამოწმებაზე, კატეგორიულად აუკრძალა ირაკლის ამის გაკეთება იმ მიზეზით, რომ “ივანე კვაჭანტირაძე თავისი არხებით აგვარებდა ტენდერის თემას” და ირაკლი მას მხოლოდ ხელს შეუშლიდა. თავის გამარჯვებას ტენდერში თურქი ბიზნესმენი ათი დღის განმავლობაში ზეიმობდა სხვადასხვა რესტორანში. მეთერთმეტე დღეს გენჩი წავიდა მგფ-ში ირაკლის გარეშე და შეხვდა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ბურჭულაძეს მიღებული “ახალი ამბისა” ძალზე გაუკვირვდა: ,,გენჩ ინშაათმა” არათუ  მოიგო ტენდერი, არამედ არც არის დაშვებული ტენდერშიო. და ბრძანა: ეს წერილი ყალბიაო. ერთი საინტერესო დეტალი. ეს შეხვედრა მოხდა ვინმე ჯაბა ლომიძის მეშვეობით.

ვინ არის ჯაბა ლომიძე და რა კავშირშია ამ საქმესთან ?

– ჯაბა ლომიძე გახლავთ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა და ამავდროულად მურთაზ კაპანაძის მეგობარიც.

ცოლის ძმა მგფში მუშაობს ?

– არა, ის არის მურთაზ კაპანაძისა და ივანე კვაჭანტირაძის მეგობარი.

 –თქვენი აზრით, თურქმა ბიზნესმენმა, რატომ არ გადაამოწმა მგფის წერილი?

– როგორც გაირკვა, გადასარევად იცოდა რა თამაშსაც თამაშობდა და იმიტომ.

იცით, მე გოქსელ გენჩის ვინაობა გადავამოწმე, ანუ, რაც უნდა გაეკეთებინა პროკურატურას გავაკეთე მე. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაიწყო გოქსელ გენჩის პიროვნების და მისი საქმიანობის შესწავლა და აღმოაჩინა, რომ ფირმა ,,გენჩ ინშაათი” არათუ თურქული უმსხვილესი სამშენებლო ფირმაა, როგორც ამას სასამართლო პროცესებზე აცხადებდა საქმის პროკურორი სალომე ჩიქობავა, არამედ საერთოდ არ არის მოხსენიებული თურქული ფირმების ნუსხაში. უფრო მეტიც, ჟურნალისტმა გაარკვია, რომ ასევე ბუნებაში არ არსებობს მის მიერ გარანტად მოყვანილი ერაყული ბანკი ,,ჩექინ ზუ”. მიკვირს, ასეთი დაბალი დონის პროკურორმა, როგორიცაა

სალომე ჩიქობავა, როგორ უნდა გაერკვეს ბანკირ მამუკა ხაზარაძის რთულ საბანკო მაქინაციებში?!

–თუ ფირმა “გენჩ ინშაათი” არ არსებობს, როგორღა მიიღო მან მონაწიელობა ასეთ სერიოზულ ტენდერში, რისი იმედი ჰქონდა მის ხელმძღვანელს ? ასევე, თქვენ ახსენეთ, რომ თავად მგფმა ამ ერაყული ბანკის გამო მიანიჭა “გენჩ ინშაათს” დისკვალიფიკაცია. ანუ მგფმა იცოდა, რომ ეს ბანკი არ არსებობს და საქმე აქვს თაღლითთან. წესით, სატენდერო კომისიას უნდა მიემართა პროკურატურისთვის.

–პროკურატურას როგორ არ მიმართეს! ერთდროულად მიმართეს, მგფ-ის დირექტორის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და მგფ- ის მიერვე გამოაშკარავებულმა და ტენდერიდან გამოძევებულმა გოქსელ გენჩმა, რომელიც 11 დღე ზეიმობდა ტენდერში გამარჯვებას. და ორივემ დაადანაშაულა ჩემი მეუღლე ყალბი წერილის შექმნაში.

საიდან იცოდა ბურჭულაძემ, რომ ყალბი წერილი დაამზადა ირაკლი კერესელიძემ?

– ეს ინფორმაცია მას მიაწოდა ბურჭალაძისმიერვე გამოააშკარავებულმა და ტენდერიდან გამოძევებულმა თურქული კომპანია ,,გენჩ ინშაათის” მფლობელმა საერთაშორისო დონის თაღლითმა გოქსელ გენჩმა.

–ცოტა გაუგებარია: ბურჭულაძის ცოლის ძმასჯაბა ლომიძეს მიჰყავს შეხვედრაზე თავის ჩინოსან სიძესთან თურქი ბიზნესმენი, რომელიც ამავე სიძემ გაგააძევა ტენდერიდან და იგივე სიძე უჯერებს მის მიერვე გამოაშკარავებულ თაღლით თურქს, რომ წერილი დაამზადა ირაკლი კერესელიძემ ?

– უფრო მეტს გეტყვით, იმ სასამართლომაც კი, რომელმაც ჩემს მეუღლეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აი, ამ ყალბი წერილის დამზადების ნაწილში ირაკლი გაამართლა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, ვინ დაამზადა ეს წერილი, ვერც ჟურნალისტმა მოიძია ინფორმაცია, და ყველაზე საინტერესო, პროკურატურას არც აიტერესებს ეს და არ აპირებს ყალბი წერილის ეპიზოდის გამოძიებას მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ჯუანშერ ბურჭულაძე, მისივე თქმით, არის ნოდარ ჯავახიშვილის კადრი. ირაკლის სასამართლო პროცესზე ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა მას დაურეკა და დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო “გენჩ ინშაათმა” დისკვალიფიკაცია. სხვათა შორის, ირაკლიმ თურქული კომპანიის წარმომადგენელი გოქსელ გენჩი ნოდარ ჯავახიშვილს არასამუშაო  დღეს, კვირას შეახვედრა, რომელიც ასეთ საკითხებზე არავის ხვდებოდა, მით უფრო მაშინ, როცა კომპანიას დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული. ჯავახიშვილმა თურქებს უთხრა, თუ თვლით, რომ კომისიამ დაგჩაგრათ, იდავეთ, თვეების საქმეა, თუ მოიგებთ, გაუქმდება ტენდერის შედეგიო. ამის შემდეგ კერესელიძემ და თურქულმა კომპანიამ დაიწყეს ტენდერის გაუქმებაზე მუშაობა და მიმართეს იმ ორგანოებსა და სტრუქტურებს, ვისზეც ჯავახიშვილმა მიუთითა. ამ შეხვედრის შესახებ არც თავად ჯავახიშვილმა უარყო, როცა ირაკლის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.

–ნოდარ ჯავახიშვილი? რა შუაშია აქ ნოდარ ჯავახიშვილი?

–შუაში კი არა, თავშია. ეს ისტორია დაიწყო დიდი ხნის წინ. ჩემმა მეუღლემ და ნოდარ ჯავახიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს ციხის საკანში და იქიდან მოყოლებული, ხელი – ხელ ჩაკიდებულნი ერთად მოდიან.

მათი საქმიანი პარტნიორობა დაიწყო მას შემდეგ, როცა თურქულმა ფირმა ,,ატინაკმა”, რომლის იურისტიც იყო ირაკლი კერესელიძე – მონაწილეობა მიიღო ერთ -ერთ ტენდერში და მასში  უცნაურად დამარცხდა. ფირმა ,,ატინაკი”-ს ხელმძღვანელობა ნოდარ ჯავახიშვილს კორუფციაში ადანაშაულებდა, კერძოდ, რომ მან მოაგებინა ტენდერი აზერბაიჯანულ ფირმას, რომელსაც, “ატინაკის” რწმენით, არ გააჩნდა სათანადო რესურსი. ამის შემდეგ ნოდარის და ირაკლის შორის გაირბინა “შავმა კატამ”. ეს საქმე დიდად გახმაურდა. მასში ჩაერია  თურქეთის ელჩიც და, ჩემი აზრით, ნოდარ ჯავახიშვილმა, რათა დაეშოშმინებინა აღშფოთებული თურქული მხარე, ყველაფერი გადააბრალა ჩემს მეუღლეს და დაჰპირდა თურქებს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ირაკლი კერესელიძეს დასჯიდა. და აი, აქ ჩნდება უკვე გოქსელ გენჩი თავისი არარსებული ფირმით და არ არსებული ბანკით, რომელმაც შეასრულა ნოდარ ჯავახიშვილის შურისძიების ინსტრუმენტის როლი.

–თქვენს მეუღლეს რაში უნდა გამოეყენებინა ეს თანხა ?

–რამდენიმე პუნქტიანი იყო ხელშეკრულება, ჩვენს კომპანიას უნდა გაეწია გარკვეული იურიდიული სამუშაოები, მათ შორის ტენდერის მოგების მიზნით, რაც გასწია კიდეც. ამ 195 ათას დოლარში შედიოდა ირაკლის ჰონორარიც. როგორც მე ვიცი, გარკვეული თანხა ირაკლიმ  ჯავახიშვილს გადასცა.

–ფაქტობრივად, ეს იყო ქრთამი ტენდერის მოსაგებად?

–ნოდარ ჯავახიშვილი ამ ფულს სესხის აღებას უწოდებდა, თუმცა ირაკლის კომპანიისთვის მას ეს თანხა დღესაც არ დაუბრუნებია.

–ეს ამბავზე თქვენ სადმე ხომ არ განგიცხადებიათ ?

–განვუცხადე გენერალურ პროკურატურას, როდესაც ,, ატინაკის” თემაზე საქმე აღიძრა და დამიძახეს გამოკითხვაზე.

–პროკურატურამ – რაო?

– არაფერი. ორ წელზე მეტია ,,ატინაკის” საქმე გამოძიებაშია, თაროზე დევს. პროკურატურამ ,,ატინაკის” საქმეზე გარკვეული პირები გამოკითხა, ირაკლი არა…

უფრო გასაგებად რომ გვითხრათ?

– ფირმა “ატინაკმა” ტენდერის მოსაგებდ ირაკლის კომპანიას გადასცა დიდი ოდენობის თანხა -195 ათასი დოლარი.

–,,ატინაკი” არ ითხოვს უკან თავის ფულს ?

– ,,ატინაკი” ითხოვდა თავის თანხას, დადიოდა განცხადებებით, მაგრამ ამაოდ. თუმცა, მათ პრეტენზია ჰქონდათ არა ირაკლისთან, არამედ ნოდარ ჯავახიშვილთან. ფირმა “ატინაკს” ჩემი მეუღლის კომპანიისთვის არ უჩივლია.

–თქვენი აზრით, რატომ არ უჩივის ,,ატინაკი” თავის იურისტს, გოქსელ გენჩმა ხომ იჩივლა ?

– ,,ატინაკი” არ იჩივლებს, რადგან ირაკლის კომპანიამ ,, ატინაკისთვის” დიდი სამუშაოები გაწია, მას ირაკლისტან პრეტენზიები არ აქვს. ამ კომპანიის პრეზენტაციას, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები, უნდა დასწრებოდა ნოდარ ჯავახიშვილიც, მაგრამ ის პრეზენტაციაზე არ მოვიდა და რამდენიმე დღეში მისმა სამინისტრომ გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია გამოაცხადა.

–კარგით. დავუბრუნდეთ ფირმა “გენჩ ინშაათს”. საინტერესოა, გოქსელ გენჩმა რატომ არ მიმართა სასამართლოს სამოქალქო წესით?

– იმიტომ, რომ გოქსელ გენჩს უბრძანეს მისმა ქართველმა მეგობრებმა, საჩივარი შეეტანა პროკურატურაში. სხვათა შორის, ორი წლის შემდეგ გოქსელ გენჩს “გაახსენდა”, რომ ეს არის სამოქალაქო საქმე და შეიტანა სარჩელი სამოქალაქო წესით. მას  დიდი შანსი ჰქონდა, მოეგო ეს პროცესი და ავანსის თანხა უკან დაებრუნებინა, მაგრამ აქაც მოხდა უცნაურობა – ის არ გამოცხადდა სასამართლოში და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ, ანუ გოქსელ გენჩის სარჩელი  არ დაკმაყოფილდა. მან ფაქტობრივად მოგებული პროცესი წააგო.

ეს რაზე მეტყველებს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ გოქსელ გენჩი არის მარიონეტი და რასაც უბრძანებენ იმას ასრულებს. მან ფაქტობრივად თავის თანხაზე თქვა უარი, იმ თანხაზე, რომელის გამოც ჩემი მეუღლე იხდის სასჯელს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო ახალი გარემოება, ირაკლის საქმე უნდა გადასინჯულიყო. ჩვენ მივმართეთ კიდეც სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილი გარემოების შუამდგომლობით საქმის გადახედვაზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებაში გვეთანხმება, რომ ეს არის ახალი გარემოება, თუმცა, იმავე განჩინებაში უარს აცხადებს საქმის გადასინჯვაზე, რადგან ეს ახალი გარემოება არ ამტკიცებს ირაკლის უდანაშაულობას და, შესაბამისად, საქმე არ გადაიხედებაო. ჩვენ მივმართეთ კასაციას და ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს ამ  განჩინების გაუქმებას. ცხადია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ კასაცია გააუქმებს ამ განჩინებას და საქმე გადაიხედება – ამას ნოდარ ჯავახიშვილი არ დაუშვებს… ეს საქმე წავა სტრასბურგში და აუცილებლად მოვიგებთ, ისევე, როგორც მოვიგეთ პირველი მსჯავრის საქმე.

ქალბატონო ქეთი, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ირაკლი კერესელიძე არის ნოდარ ჯავახიშვილის პირადი პატიმარი?

– დიახ, ასე ვთვლი, რომ ნოდარ ჯავახიშვილი იყენებს თავის გავლენას, კავშირებს და ფინანსურ შესაძლებლობებს, რომ ირაკლი კერესელიძე არ აღმოჩნდეს თავისუფლებაზე. ნოდარ ჯავახიშვილს ვურჩევ, გონს მოეგოს, სიმართლე არ დაიკარგება. ბატონო ნოდარ, შეცდომების გასწორების დროა, მე თქვენს ადგილას ადამიანის ციხეში გამოკეტვით არ ვიამაყებდი!

ვიმეორებ, ნოდარ ჯავახიშვილს ირაკლის თავისუფლებაზე ყოფნა უდიდეს დისკომპორტს უქმნის, რადგან ირაკლიმ მის საქმიანობაზე და “დარმავოი” ფულის კეთებაზე ძალიან ბევრი იცის.

საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა, ერთ დროს ირაკლის კარგმა ნაცნობმა, რომლის ვინაობის დასახელებას ჯერ-ჯერობით არ ვთვლი საჭიროდ, ირაკლის დაკავების შემდეგ, პირდაპირ მითხრა, რომ ნოდარ ჯავახიშვილის გამო  მიმიყვანეს სუს-ის შენობაშიო ( ხედავთ რამხელა ძალა აქვს ჯავახიშვილს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი მისი მოთხოვნით მიჰყავთ სუს-ში). დეპუტატმა მაცნობა, რომ მას ვერაფერი უკანონო ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ შენს ქმარს “ატინაკის” გამო, გოქსელ გენჩის გამოყენებით, სამოქალაქო საქმეს სისხლის სამართლის საქმედ გადააქცევენ და მაქსიმალურ სასჯელს მისცემენ, რადგან ნოდარი ძალიან გაბრაზებულია და მთელი ოჯახი ხართ ,,პად უდარომ”-ო! მე დარწუნებული ვარ, ხსენებული დეპუტატი ჯავახიშვილმა იმიტომ ვერ ჩააჯინა, რომ ის საკრებულოს დეპუტატია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ქმარი დეპუტატი არ იყო.

 

მე მივმართე თურქეთის ელჩს საქართველოში განცხადებით და მოვთხოვე შემდეგი :

გთხოვთ, მოახდინოთ თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმირება გოქსელ გენჩის და ფირმა “გენჩ ინშაათის” დანაშაულებრივი საქმიანობის თაობაზე და, აგრეთვე, მომაწოდოთ რელევანტური და ობიექტური ინფორმაცია, რაც თურქეთის სახელმწიფოსთვის ცნობილია პიროვნულად გოქსელ გენჩის და ფირმების: “გენჩ ინშაათის” და “ატინაკის” შესახებ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ნოდარ ჯავახიშვილს ჩემი მეუღლის ციხეში გამოკეტვა თავისი კორუფციული და ბინძური მაქინაციების გამო არ შერჩება!

 

P.S. თვალსაზრისი” მზად არის, კომენტარის ან მონოლოგით პასუხის გაცემის საშუალება მისცეს ყველა იმ პირს, ვინც დაპატიმრებული ადვოკატის მეუღლემ, ქეთი ხომერიკმა ამ ინტერვიუში მოიხსენია.

 

წარწერები სურათებისთვის:

  1. ქეთი ხომერიკი – იურისტ ირაკლი კერესელიძის მეუღლე
  2. ირაკლი კერესელიძე
  3. ირაკლი კერესელიძე და თურქული კომპანიის “გენჩ იშაათის” იურისტი
  4. ირაკლი კერესელიძე და ნოდარ ჯავახიშვილი ორთაჭალის ციხის საკანში
  5. კომპანია “ატინაკის” პრეზენტაცია. სურათზე: ირაკლი კერესელიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი
  6. “ატინაკის” წარმომადგენლების შეხვედრა საკრებულოში. სურათზე ირაკლის მარჯვნივ – გოჰამ ნოგაი – “ატინაკის” აღმასრულებელი დირექტორი