სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეიდან დაიწყო

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დასრულდა. დღეიდან, 13 ივნისიდან კი, მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ, შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისამდე იქნება შესაძლებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სამინისტროს განმარტებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;
დაბადების მოწმობა, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული.