სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. სლოვენია გახდა ევროკავშირის-შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.
უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის-შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს აქვს.
„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე, როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.
სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს“, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა, ჩეხეთს და კვიპროსს.