სოფელ ანაგაში ორ თვეზე მეტია ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი

სიღნაღში, სოფელ ანაგაში ორ თვეზე მეტია ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთი ოჯახს სამელიორაციო სისტემაზე უკანონო მიერთებები აქვს, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.
ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი მოთხოვნები მოისმინა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა. მისი განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახური ვითარებას ადგილზე შეისწავლის და პრობლემას უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.
“სოფელ ანაგაში გასულ წლებშიც მოეწყო ჭაბურღილი და ახლაც მიმდინარეობს მთავარანგელოზის ხიდის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც ცოტა დროში გაიწელა, იმიტომ რომ გარკვეული შეთანხმებები იყო საჭირო. მთლიანად ახალი მაგისტრალური ქსელი იქნება რომლიც სოფლის ნახევარს დააკმაყოფილებს. პროექტზე 360 000 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს თვეში დასრულდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლებში არის საუბნო წყლები, გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობა ვერ თანხმდება და ხდება წყლის თვითნებურად მიერთება, რაც იწვევს ადგილობრივებს შორის დაპირისპირებას. მერია არ არის ის ორგანო, რომელსაც ასეთი ადამიანების დაჯარიმება შეუძლია, უბრალოდ მოსახლეობა უნდა შეთანდეს ერთმანეთში და ჩვენ მზად ვართ. ჩვენის მხრივ ტექნიკით დავეხმაროთ.“,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.