სოფელ ხიდისყურში 65 წლის კაცი მოკლეს, მისი დაჭრილი მეუღლე კი საავადმყოფოშია მოთავსებული

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი ცეხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი მეუღლე კი  დაჭრეს.
გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის შახალა ჯემალ ოღლი ბაირამოვია, მისი მეუღლე კი  კასპის საავადმყოფოშია მოთავსებული.
დანაშაული გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისყურის წარმომადგენელმა, ზურაბ ქურასბედიანმა განუცხადა, მომხდარ დანაშაულს წინ მეზობლებს შორის დავა უძღოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. ბაირამოვებისა და გულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო – მაშინ, როდესაც ბაირამოვმა გულბანოვის ბიძა მოკლა.
მათივე ინფორმაციით, გულბანოვმა სისხლი აიღო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.