სოხუმის ე.წ. საგარეო უწყება: “ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში ვიყავით, აფხაზეთი განადგურების პირას იყო”

სოხუმი მიიჩნევს, რომ ოფიციალური თბილისის განცხადება დეფაქტო აფხაზეთის “რუსიფიკაციასთან” დაკავშირებით, აბსურდულია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადების თანახმად, დეფაქტო აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში არსებობის დროს, ინტელიგენცია, რომელიც აფხაზური ენისა და ხალხის დაცვის მხარეს გამოდიოდა, დევნილი იყო სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური ენა გაქრობის პირასაა, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებს აფხაზი ხალხის, კულტურისა და ენის მიმართ.
“შეიძლება, გავიხსენოთ კონკრეტულად, თუ რა ხდებოდა მაშინ, როდესაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო – ის განადგურების პირას იყო, ხოლო აფხაზი ინტელიგენცია, რომელიც ენისა და აფხაზი ხალხის უფლებების დასაცავად გამოდიოდა, დევნის ქვეშ იმყოფებოდა. ამის გახსენება დღეს საქართველოში არ სურთ. გაცილებით მომგებიანია, გაავრცელო აბსურდული თეზისი “აფხაზეთის რუსიფიკაციის” შესახებ”, – ნათქვამია დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.