სუსლიაკის ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად ზელენსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოყო

საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის 10 ბავშვის უკრაინაში დასაბრუნებლად ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ТСН, უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენ ნიკოლაი კულებას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კულებას თქმით, საქართველოს პროკურატურასა და შსს-სთან მოლაპარაკებების შედეგად, ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
“გუშინ ჩვენ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შევხვდით. უკრაინულმა მხარემ, ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დოკუმენტი მოამზადა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს, თანამშრომლობისთვის. არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი სუსლიაკი ტრეფიკინგშია ბრალდებული, ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც დედა ბავშვებს კარგად არ უვლიდა, ერთი ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, ექვსი სუროგაციის გზით არის გაჩენილი, ერთი კი ამერიკის მოქალაქე. იულია სუსლიაკი მათ გადაყვანას საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აპირებდა. გამოძიება უკრაინაშიც ტარდება და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. თუ იულია სუსლიაკი დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა – უნდა გათავისუფლდეს. ბავშვების გადაყვანა უკრაინაში დღესვე იგეგმება“, – განაცხადა ნიკოლაი კულებამ.
შეგახსენბეთ, 37 წლის უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან ოთხი 2017 წელსაა დაბადებული.
იულია სუსლიაკს 27 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.