„ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას თბილისის ზღვაზე აუყვანია” – როგორ ატყუებენ უცხოელებს „თაღლითი“ მძღოლები

„ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ისე ლახავენ ქვეყნის იმიჯს, ნელ-ნელა აღმოვაჩენთ, რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი, მიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისა, მზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება”, – ამის შესახებ მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს და იმ ქართველი ტაქსის მძღოლების თაღლითობის შესახებ საუბრობს, რომლებიც აეროპორტიდან ქალაქამდე, უცხოელ სტუმრებს დიდ ფულს სძალავენ. მისი თქმით, გუშინ ლატვიიდან ჩამოსულ სტუმარს, მძღოლმა, აეროპორტიდან სასტუმრომდე, 250 ლარი სთხოვა.
„გუშინ, საქართველოს სტუმარმა ლატვიელმა გოგომ მითხრა, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 250 ლარი(!!!) მომთხოვაო. საბედნიეროდ, უკვე გარკვეული ვიყავი მეგობრებისგან ფასებში და 40 ლარი მივეციო. ამაზე იმ არამზადა მძღოლს მისთვის ჩხუბი აუტეხია… ეს ფული სახლამდე არ მეყოფაო. ამ გამჭრიახ გოგოს მიუგია, შედით ინტერნეტში და ნახეთ, იანდექს ტაქსი საერთოდ 20 ლარს იღებს, როგორ არ გრცხვენიათო?!
ამ გოგომ მითხრა, 250 კი არა, ჩემს მეგობრებს 385 ლარს სძალავდნენო. ამდენი მსოფლიოში არ ღირს ტაქსი და თქვენი მძღოლები რამ გადარიათო.
ბოლო-ბოლო, მთავრობამ იქნებ აუკრძალოს ამ თაღლითებს ეს “ბიზნესი”! ქვეყანაზე წარმოდგენა აეროპორტიდან იწყება და ეს არამზადები ასე ლახავენ ქვეყნის იმიჯს.
ეს ხალხი მერე სოციალურ ქსელებში წერს მათი გაბითურების შემთხვევებს და ასე, ნელ-ნელა აღმოვაჩენთ, რომ ტურიზმის პროცენტული მაჩვენებელი…მიუხედავად ჩვენი ხინკალ-ჩურჩხელებისა…მზეზე დადებული ნაყინივით ჩამოგვიდნება.

ადრე თავადაც შევესწარი და ვეჩხუბე, თუ როგორ სძალავდა ბათუმში პლაჟის ზედამხედველი 5-ლარიან შეზლონგში ტურისტს 20ლარს.
სირცხვილია მეგობრებო, თავს გვჭრის ასეთი ხალხი. ყველა ამ გოგოსავით საზრიანი ხომ ვერ იქნება?
ეგ კი არა, ერთ ტურისტს 250$ მიუცია მძღოლისთვის შავ ზღვაზე ჩამიყვანეთო და იმას… თბილისის ზღვაზე აუყვანია.
მადლობა ღმერთს, მიხვდა ის კაცი, რომ 30წუთში ვერ იქნებოდა შავ ზღვაზე.
არამზადები! იმედია, ტაქსების ამ ახალ რეგულაციებით, უფრო გაიწმინდება სიტუაცია!“ – წერს თამარ იბერი.