ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილ მიწაში, მამაკაცი მოყვა

დღეს ტყიბულში მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა, – ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები,”-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას  გულისხმობს.