უვადოდ დაპატიმრებული უდანაშაულო ბაჩო შარაშენიძის ციხიდან გამოსახსნელად პროკურატურის კეთილ ნებას ველოდებით!- გელა ნიკოლაიშვილი:

„სრულიად უდანაშაულო თემურ (ბაჩო) შარაშენიძე უკვე 19 წელია, რაც ციხეში ზის და მის მიმართ სამართლის აღსრულებას ელოდება. ბაჩოს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი მკვლელობისთვის, რომელიც, არამც თუ არ ჩაუდენია, თეორიული მოტივაციაც არ ჰქონია! იმის მიუხედავად, რომ ყველა ამ „ბედნიერებასთან“ ერთად სიმსივნით არის ავად, სულით არ ეცემა, საკანში გამუდმებით, ფიზიკურად  ვარჯიშობს და რეაბილიტაციისთვის იბრძვის!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ბაჩო შარაშენიძის ადვიკატმა, უფლებადამცველმა

გელა ნიკოლაიშვილმა:

– თემურ (ბაჩო) შარაშენიძე ყოფილი სპეცრაზმელია. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში, შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩო შარაშენიძე არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკოსი, უფლებადამცველთა ჯგუფმა პოლიტპატიმრად აღიარა, რადგან მის დაპატიმრებაში მკვეთრი პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება. „ასავალ-დასავალი“ ხშირად წერდა შარაშენიძის უდანაშაულო პატიმრობის და ციხეში მის მიერ გამართული შიმშილობის ხანგრძლივი აქციების შესახებ, რითაც პოლიტპატიმარი ცდილობდა, უკვე ახალი ხელისუფლებისათვის თავისი უდანაშაულობა შეეხსენებინა.

 – მოდით, ჩვენს მკითხველებს შევახსენოთ, სააკაშვილის რეჟიმმა რა ბრალდებით დააპატიმრა შარაშენიძე?

– 90-იანი წლებიდან ბაჩო შარაშენიძეს ჰქონდა საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. სწორედ თემურ შარაშენიძემ გამოიგონა მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტით მგზავრობის 10-თეთრიანი მექანიზმი, რაც თავიდანვე ოფიციალურად დააპატენტა და ამჟამად უკვე მასობრივად, ყველა კორპუსის ლიფტშია დამონტაჟებული. ამ ბიზნესში ბაჩო თავიდანვე მონოპოლისტი იყო, ჰყავდა ათეულობით მანქანა, ასეულობით მუშახელი და შემოსდიოდა დიდი შემოსავალი. ყველაფერი იდეალურად კარგად მიდიოდა, ვიდრე მის ბიზნესს სააკაშვილის რეჟიმმა, კონკრეტულად, მერიასთან არსებულმა კომპანია „თბილლიფტმა“ არ დაადგა თვალი და წართმევა დაუპირა. იმის მიუხედავად, რომ ათასგვარ პროვოკაციას უწყობდნენ, ბაჩო არ ეპუებოდა და თავისი ბიზნესის დაცვას აგრძელებდა, მაგრამ ბოლოს იგი მაინც დააპატიმრეს.

 – რა მიზეზით?

– ბაჩოს გაუცოცხლეს 12 წლის წინანდელი ბრალდება, რომელშიც იგი გამართლებული იყო. იმ არეულ დროში ბაჩო შარაშენიძე 3 წლის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომანქანით, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ორმა მთვრალმა პირმა გზა გადაუკეტა. როგორც მაშინ მასობრივად ხდებოდა, იარაღები დადეს და ავტომანქანის წართმევა დაუპირეს, მაგრამ კარგად ნავარჯიშევმა სპეცრაზმელმა მოახერხა გამკლავება და თავდამსხმელები დახოცა. შარაშენიძე მაშინ დააკავეს, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა, იმის მიუხედავად, რომ გადაცმული დაღუპულები პოლიციელები აღმოჩნდნენ, აუცილებელი მოგერიება იმდენად აშკარა იყო, რომ სრულიად უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. სწორედ ეს საქმე დააბრუნა წარმოებაში სააკაშვილის რეჟიმის პროკურატურამ, „მოძებნეს“ მოწმე, მომაკვდავი ადამიანი, რომელსაც ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინა („მოწმე“ ჩვენების მიცემიდან მოკლე დროში გარდაიცვალა!) და ბიზნესმენი ინციდენტიდან 12 წლის შემდეგ დააპატიმრა. უკვე ციხეში მყოფ შარაშენიძეს, რომელიც მისჯილ 9 წლიან სასჯელს იხდიდა, 2009 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ახალი, გამაოგნებელი ბრალდება წაუყენა – თითქოს მან 2003 წელს ზურაბ ზუბადალაშვილი მოკლა და უკვე ამ ბრალდების საფუძველზე ბაჩო შარაშენიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს!

 – ვინ იყო ზურაბ ზუბადალაშვილი და რა კავშირი ჰქონდა ბიზნესმენ თემურ შარაშენიძესთან?

– ზურაბ ზუბადალაშვილი ყოფილი პარლამენტარის და დეზერტირების ბაზრის ყოფილი დირექტორის, ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟი გახლდათ. სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ახალგაზრდა კაცი სიმამრის შეკვეთით მოკლეს. სასამართლოზე ცნობილი გახდა იმ ადამიანების ვინაობაც, რომლებსაც მკვლელობა შეუკვეთეს – გიორგი ყუფარაძე და როლანდ დიღმელაშვილი. ისინი აღიარებდნენ, რომ დამკვეთისგან მიიღეს იარაღი და ფული, სულ რაღაც 2 ათასი დოლარი, მაგრამ მკვლელობის მცდელობები ჩაუფლავდათ. ყუფარაძე ამბობდა, რომ თავისი წილი 1000 დოლარი მან უკან დააბრუნა, ხოლო დიღმელაშვილი სასამართლოზე ამბობდა, რომ რადგან თავის წილ 1000 დოლარს ვერ აბრუნებდა, თავის ნაცნობ ბაჩო შარაშენიძეს მიაკითხა, რომელიც „დაპირებია,“ რომ მის ნაცვლად მოკლავდა ზუბადალაშვილს. უფრო მოგვიანებით, დიღმელაშვილმა აღიარა, რომ ასეთი ჩვენება ზეწოლის და მუქარების შედეგად მისცა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქეს. სააკაშვილის რეჟიმს პრაქტიკაში ჰქონდა ცრუ ჩვენების გამოძალვა და რეჟიმის სამიზნედ ამოღებული პირისთვის დანაშაულის დაბრალების საფუძველზე ცრუმოწმესთვის სასჯელის შემსუბუქება. ამგვარად ითითხნებოდა საქმეები, მთავარია, მერე ეს საქმეები „დანაშაულის გახსნით“ დასრულებულიყო და არ ადარდებდათ, თუ ამის შედეგად ძალიან მაღალ სასჯელს სრულიად უდანაშაულო ადამიანი მიიღებდა! ასე მოხდა ბაჩო შარაშენიძესთან მიმართებაშიც. ცრუპენტელა გამოძიება დამატებითი მოწმეების მოძიებასაც შეეცადა. ასეთი იყო ალექსანდრე ჭუმბურიძე, რომელიც რეჟიმმა 2006 წლის 8 სექტემბერს დააპატიმრა, თბილისის ცენტრში (ლესია უკრაინკას ქ.)მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისის აფეთქების განზრახვის (!) შეთითხნილი ბრალდებით. შემდეგ, ჭუმბურიძეს მოთხოვეს დაემოწმებინა, თითქოს ბაჩო შარაშენიძის ოფისში ნახა პისტოლეტი, რომლითაც შარაშენიძემ ზუბადალაშვილის „მკვლელობა“ განახორციელა. როდესაც ცრუმოწმეობაზე მტკიცე უარი მიიღეს, იგი სასტიკად აწამეს, რაც სასამართლოზე გამჟღავნდა!

 – კი მაგრამ, დიღმელაშვილის მაგივრად შარაშენიძეს რა მოტივით უნდა მოეკლა ზურაბ ზუბადალაშვილი?

– ამაშია საქმე, რომ მოტივაცია არ არსებობს. რატომ უნდა გამოედო მკვლელობისთვის თავი წარმატებულ ბიზნესმენს? შარაშენიძე არამცთუ არ იცნობდა ზუბადალაშვილს, მასთან საერთო ნაცნობებიც არ ჰყოლია. აბსურდია გამოძიების მხრიდან ირიბი მინიშნება, თითქოს შარაშენიძემ ეს მატერიალური გამორჩენის, 1000 დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინა მკვლელობა, რადგან შარაშენიძის ბიზნესიდან გამომდინარე, მას ამაზე ორჯერ მეტი შემოსავალი 1 კვირის განმავლობაში ჰქონდა. თუ დიღმელაშვილი შეებრალა, რადგან დამკვეთს ამ თანხას ვერ უბრუნებდა, გაცილებით ლოგიკური ის იქნებოდა, შარაშენიძეს ჯიბიდან ამოეღო ფული და დიღმელაშვილისთვის ეჩუქებინა, რათა მას თავის მხრივ, დამკვეთისთვის დაებრუნებინა და, საქმიდან უპრობლემოდ გამოსულიყო. მოკლედ, დიღმელაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ ბაჩოს მკვლელობის ჩასადენად პისტოლეტი გადასცა, მაგრამ აქაც დიდი აბსურდი იკვეთება.

 – რას გულისხმობთ?

– დავიწყოთ იმით, რომ ეს პისტოლეტი ბუნებაში რეალურად არ არსებობს. საქმეში არსებობს მხოლოდ ყუფარაძის მიერ მკვლელობის მიზნით მიღებული იარაღის აღწერა, მაგრამ როდესაც დაცვის მხარემ საქმის გადასინჯვა მოვითხოვეთ, ახალი გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყუფარაძის მიერ აღწერილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით მკვლელობა ვერ განხორციელდებოდა, რადგან ეს იარაღი „ბრაუნინგის“ ტყვიებს წარმატებით ვერ ისვრის, ჭედავს. შეიძლება რამდენიმე მცდელობის შემდეგ გაისროლოს ერთხელ, მაგრამ მერე 3-4 გასროლა გაჭედოს. ასეთ იარაღს მკვლელობის ჩასადენად ყოფილი სპეცრაზმელი შარაშენიძე არაფრისდიდებით არ წაიღებდა. არადა, საქმის მასალების მიხედვით, ზუბადალაშვილის მოსაკლავად მკვლელმა 6-ჯერ გაისროლა!

 – ეს ხომ უკვე არის „ახალი გარემოება?!“ ახალი ხელისუფლების პროკურატურამ რატომ შეიკავა თავი ამ საქმის სასამართლოზე დასაბრუნებლად?

– პროკურატურა ამბობს, რომ, თეორიულად, თემურ შარაშენიძეს შეეძლო, იარაღისთვის ლულა გამოეცვალა. ნუთუ, უფრო მარტივი არ იქნებოდა, შარაშენიძეს „ბრაუნინგის“ ნაცვლად, „მაკაროვის“ ტყვიები ეშოვნა?! შეწყალებას თუ არ ჩავთვლით, სასამართლოში ამ საქმის გადასინჯვა ბაჩო შარაშენიძის უკანასკნელი შანსია. იურიდიული მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად შუამდგომლობა შევიდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, სასამართლომდე ეს საქმე პროკურატურამ მიიტანოს, პროკურატურა თავადაც ინტენსიურად მონაწილეობდა ახალი გარემოებების გამოძიებაში, მაშინ მთავარი პროკურორი იყო შალვა თადუმაძე, მაგრამ, ბოლო მომენტში პროკურატურამ რატომღაც, თავი შეიკავა, გამამართლებელი განაჩენის დადგომის მოთხოვნით საქმის სასამართლოსთვის წარსადგენად, იმის მიუხედავად, რომ ყველა ახალი გარემოება შარაშენიძის უდანაშაულობაზე მეტყველებს.

 – რა გიშლით, რომ პროკურატურის ნაცვლად სასამართლოს ამ მიზნით შარაშენიძის ადვოკატებმა – თქვენ და ნიკოლოზ მჟავანაძემ მიმართოთ?

– კანონი ამის უფლებას გვაძლევს, მაგრამ სჯობს, პროკურატურამ შეიტანოს, რადგან დაცვის მხარე ვუფრთხილდებით ბაჩოს გამართლების უკანასკნელ შანსს. უვადო პატიმრის გამართლების პრეცედენტები უკვე არსებობს – გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია გამართლდნენ სწორედ, პროკურატურის ღირსეული საქციელის შედეგად. მაშინ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნით თავად პროკურატურამ მიმართა სასამართლოს. ამჯერადაც, უდანაშაულო ადამიანის ციხიდან გამოსახსნელად და სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურის კეთილ ნებას ველოდებით! ფაქტია, შარაშენიძის უდანაშაულობის დამტკიცებას რაღაც ძალა მართლაც აფერხებს, ოღონდ მე არ ვიცი, ეს ძალა პროკურატურაში უნდა ვეძებოთ, მთავარობაში და სამინისტროებში თუ, პარლამენტში.

 – ვინ იყო პროკურორი, როდესაც შარაშენიძის წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმმა ბრალდება შეთითხნა?

– დავით ხიზანაიძე. ის ახლა ერთ-ერთ რაიონულ პროკურატურაში აგრძელებს საქმიანობას, რიგითი პროკურორია და, შეიძლება, დაინტერესებულიც იყოს, მაგრამ არ მგონია, იმდენი ძალა და გავლენა გააჩნდეს, რომ შარაშენიძის გამართლებას გადაეღობოს.

 – რა პოზიციაზეა მოკლული ზურაბ ზუბადალაშვილის მამა, ბატონი ლაერტ ზუბადალაშვილი?

– ბატონ ლაერტი არ ამტკიცებს, რომ შვილი ბაჩო შარაშენიძემ მოუკლა, თუმცა, არც გამორიცხავს. ამის შესახებ მან პირადად მითხრა, მაგრამ დასძინა – თუ შარაშენიძე არაა, მაშ, მითხრას სახელმწიფომ, ვინ მოკლა ჩემი შვილი და ის დასაჯოსო. ჩემთვის სრულიად გასაგებია გამწარებული, შვილმკვდარი მამის ეს პოზიცია, იმის მიუხედავად, რომ მკვლელობის დამკვეთი, მისი მძახალი ცოცხალი აღარ არის, ის 17 წლიანი სასჯელის მოხდის პერიოდში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

დასასრულ, მინდა დავძინო, რომ უვადო პატიმარი ბაჩო შარაშენიძე სიმსივნით არის ავად. რადგან იმედი გადაეწურა, რომ თავის უდანაშაულობას სასამართლოზე დაამტკიცებდა და თავისუფლებას კანონიერად მოიპოვებდა, რამდენიმე წლის წინ, ჰქონდა გაქცევის მცდელობა, მაგრამ ამ ბრალდებით მისჯილი სასჯელის ვადა (4 წელი) უკვე თითქმის ბოლომდე მოიხადა. ბაჩო ამ საქციელის გამო დღემდე ღრმა სინანულშია, რადგან ბადრაგებს, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ, პრობლემები შეუქმნა… მაგრამ, ნებისმიერი ადამიანი რას მოიმოქმედებდა, მის მდგომარეობაში? რა გამოსავალს უტოვებს სახელმწიფო რეპრესირებულ, სიმსივნით ავადმყოფ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი ბრალდებებით უვადოდ (!) დაპატიმრებულ სრულიად უდანაშაულო, უკანონო ტუსაღს, თუ მის მიმართ სამართლიანობის აღდგენას კანონიერი გზებით არ უზრუნველყოფს?!

 ესაუბრა ზაზა დავითაია