„ულამაზოდ ითვლებოდა მოკვეთილი თავი, რომელიც მიწაზე მიგორავდა“, – ჰარაკირის არსი მსოფლიო ცივილიზაციაში

იაპონელთა საკმაოდ უცნაური წესი – ჰარაკირი (ჰარა-მუცელი, კირუ-ჭრა, იაპ. 腹切り) (სეპუკუ, იაპ. 切腹), დღემდე ამოუცნობი გადმონაშთი და ნარჩენია მსოფლიო ცივილიზაციისათვის, რაც იაპონური თვითმკვლელობის რიტუალია (ოიბარა), მუცლის გამოფატვრით.
სამურაები, ან იაპონიის მოსახლეობის სხვა მაღალი ფენის წარმომადგენლები თავს იკლავდნენ (ჰარაკირის მეთოდით), იმ შემთხვევაში თუ იმპერატორის, ან მისი იმპერიის ღალატში გახდებოდნენ მხილებულნი, ან სხვა რაიმე მათთვის უკადრისი საქციელის გამო. მათ ნება ეძლეოდათ თვითონვე გამოეფატრათ მუცელი სპეციალური დანით და თუ ეს რიტუალი დიდხანს გაგრძელდებოდა, მათ თავს ახლო მდგომი სამურაი (კაისაკუ) წააცლიდა.
კაისაკუს დიდი სიზუსტით უნდა განესაზღვრა, თუ როდის იყო საჭირო სამურაისთვის თავის წაცლა, რადგან თუ იგი ამის გაკეთებას დააგვიანებდა, მას გაუჭირდებოდა თავის მოკვეთა ადამიანისთვის, რიელსაც უკვე დაკარგული ექნებოდა თვითკონტროლი. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ რიტუალის ჩატარების ესთეტიურობას. ესთეტიურობაში მოისაზრება ის რომ, კაისაკუს ისე უნდა მოეკვეთა თავი, რომ ის ნაწილობრივ შეერთებული ყოფილიყო სხეულთან, რადგანაც ულამაზოდ ითვლებოდა მოკვეთილი თავი, რომელიც მიწაზე მიგორავდა.

ამის შემდეგ, კაისაკუ მუხლებზე უნდა დაჩოქილიყო და თეთრი პირსახოცით გაეწმინდა თავისი ხმალი, მერე კი თავმოვეთილის თავი თმებით უნდა აეწია და მოწმეებისათვის დაენახვებინა. თუ
მსხვერპლს თავზე თმა არ ჰქონდა, მაშინ კაისაკუს მისთვის მარცხენა ყური დანით უნდა გაეხვრიტა და ისე ეჩვენებინა გარშემომყოფთათვის.
ბოლოს მოწმეები სხვა ოთახში გადიოდნენ, სადაც მათ სასახლის მფლობელი ჩაით და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა. ამავე დროს, დაბალი რანგის სამურაები, სხეულს, თეთრი შირმებით მალავდნენ. სარიტუალო ადგილი არ იწმინდებოდა. ამ ადგილს იშვიათად თუ გამოლოცავდნენ. ხოლო ვისთვისაც სისხლით მოსვრილი ოთახი ზიზღის გამომწვევი იქნებოდა, ის ადამიანი იკიცხებოდა.
სამურაები ამაყობდნენ იმით, რომ მათ ეძლეოდათ საშუალება თავისუფლად განეკარგათ საკუთარი ცხოვრებით და ხაზი გაესვათ ამ რიტუალის სრულყოფილებაზე, სულის სიმტკიცით და თავშეკავებულობით.
იყო შემთხვევები, როცა ჰარაკირის რიტუალს ასობით ადამიანი ერთდროულად ატარებდა. ზოგი მეომარი სეპუკუმდე ისახიჩრებდა სახეს, რომ მტერს მისი თავი თავისი გამარჯვების დასამტკიცებლად არ გამოეყენებინა.

 

სეპუკუს რიტუალი მინამოტო-ნო ოსიცუნე XII ს.

ჰარაკირი იაპონიაში XII საუკუნის ბოლოს იღებს საწყისს და სულ უფრო და უფრო იძენს მასობრივ ხასიათს. ოდიდგანვე იაპონიაში ასვე გავრცელებული იყო დიდი ბატონების სიკვდილის შემდეგ, მასთან ერთად უახლოესი მოსამსახურეების ცოცხლად ჩამარხვა და საჭირო ნივთების ჩაყოლება, რომ მას საიქიოში ყველაფერი ჰქონოდა. ჰარაკირის შემოსვლის შემდეგ კი, თავი რომ აერიდებინათ ხალხის წვალებით სიკვდილისგან, მოსამსახურეებს უფლებას აძლევდნენ ჰარაკირის რიტუალით გამომშვიდობებოდნენ ცხოვრებას, რასაც „ოიბარა“, ან „ცუიფუკუ“ ეწოდებოდა.
არსებობდნენ სამურაი ქალებიც, რომლებიც ასევე ატარებდნენ სეპუკუს რიტუალს. კაცებისგან განსხვავებით, ისინი მუცელს არ იფატრავდნენ. ქალი სამურაები ყელს იჭრიდნენ, ან გულში ისობდნენ ხანჯალს. ქალი სამურაების მიერ შესრულებულ ამ რიტუალს „ძიგაი“ ერქვა.

ჰარაკირი დღესაც მიღებულია იაპონიაში. ეს რიტუალი არ ტარდება ისეთი ინტენსივობით, როგორც საუკუნეების წინ, მას დღეს სხვა სახე აქვს მიღებული.