„უნდა აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, ყოველგვარი პირობის გარეშე“,- რას ითხოვენ 9 მაისს მსვლელობაში მონაწილე ორგანიზაციები

ხვალ, 9 მაისს, საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს.
როგორც რცხილაძე „თვალსაზრისთან“ საუბარში აცხადებს, მსვლელობა, სადაც მოქალაქეები ომში დაღუპული თავიანთი წინაპრების ფოტოებს წარმოადგენენ, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ფორმატით გაიმართება.


„ეს იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ომი, თანაც, – სასახელო, სადაც თავის ისახელეს ქართველებმა და ამავე დროს, დიდი მსხვერპლიც გაიღეს.
9 მაისს, დილის 10 საათზე, თბილისში, კუს ტბის ასახვევთან (უკრაინის საელჩოს უკან) დაიწყება მსვლელობა ვაკის პარკის მიმართულებით. “საქართველოს უკვდავი ჯარი” (რუსული ვერსია: “Бессмертный полк”) არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით.
1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მონაწილე ჩვენი წინაპრების, ასევე საბჭოთა კავშირის ქართველი გმირების პორტრეტებით, დავიძრებით ვაკის პარკისკენ, სადაც სხვა მოზეიმე საზოგადოებაც შემოგვიერთდება, – მემარცხენე პატრიოტები და, რაც მთავარია, საკუთრივ ომის ცოცხალი ვეტერანები, რომლებიც ცოტანი დარჩნენ და რომლებიც ჩვენგან ყოველთვის თბილ სიტყვებს ელიან”, – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მსვლელობის მიზანი საქართველოში პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება და იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასებაა, რომელთა შესახებაც ახალგაზრდებმა არაფერი იციან.
„მოვიტანთ ჩვენი წინაპრების, მეომარი ხალხის ფოტოებს, ვისაც გვაქვს შემონახული, ასევე გვექნება ბანერები იმ ადამიანების, საქართველოდან წასული იმ ადამიანების, ვინც საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დაეცა ომში, ან დაბრუნდა სამშობლოში. ეს მიზნად ისახავს საქართველოში პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცებას, მათ შორის ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა ბევრი არაფერი იციან ამ გმირების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანების ღვაწლი და თავდადება ჯეროვნად დაფასდეს, – შედგება ღვთისმსხურება, გადავიხდით პანაშვიდს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად და არ გვექნება არანაირი საბჭოთა სიმბოლიკა, რადგან კანონი მიიღეს და „პადოშას“ ჭკუაზე დადის ახლა მთელი ქვეყანა,“ – აღნიშნავს გულბაათ რცხილაძე.
მისგან განსხვავებით, „ახალი სოციალისტური მოძრაობის“ თავმჯდომარე თემურ ფიფია აცხადებს, რომ ხვალინდელ მსვლელობაზე საბჭოთა სიმბოლიკასაც წარმოადგენენ, რადგან გამარჯვების დროშა ამის გარეშე არ არსებობს.
როგორც ფიფია „თვალსაზრისთან“ საუბარში განმარტავს, მათი მთავარი მოთხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, ყოველგვარი პირობის გარეშე.


„მოვდივართ წითელი დროშებით, მოვდივართ გამარჯვების დროშით და ლოზუნგით, – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ლოზუნგით.
საბჭოთა სიმბოლიკა გვექნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბევრი არ იყოს, რადგან 9 მაისი გამარჯვების დროშის გარეშე, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სიცრუეა, რომ თითქოს კანონს ვარღვევთ, რადგან კომპენტენტური ორგანოს მიერ, იურიდიულად არ არის განსაზღვრული, რომელი კონკრეტული სიმბოლიკა იკრძალება. ნამგალი და ურო ითვლება სიმბოლიკად საბჭოთა კავშირის მიერ, მაგრამ ესენი საბჭოთა კავშირის კანონით ხომ არ ხელმძღვანელობენ? ასე რომ, იურიდიული საფუძველი არა აქვთ, დაგვაჯარიმონ ან დროშა წაგვართვან.
მსვლელობის მიზანი პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენ აღვნიშნავთ 9 მაისს, როგორც რუს ხალხთან ერთიანობის დღეს, ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად გავიმარჯვეთ! პირველ რიგში, უნდა აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, ყოველგვარი პირობის გარეშე, – ეს არის ჩვენი ხვალინდელი მთავარი მოთხოვნა,“ – აცხადებს თემურ ფიფია.
„ახალი სოციალისტური მოძრაობა“ მსვლელობის დანარჩენ მონაწილეებს, ვაკის პარკთან შეუერთდება.