“უპრიანია დაისვას კითხვა, რომელზედაც პასუხი არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ დასვლელმა პარტნიორებმაც უნდა გასცენ”-გოჩა მირცხულავა:

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს-

“ჩვენი ხელისუფლებები აზროვნებენ შემდეგი კატეგორიებით: „მინდა“, „არ მინდა“; „ცუდი“ და „კარგი“; ისინი არ ცნობენ კატეგორიებს _ „საჭირო“ და „არასაჭირო“, „სასარგებლო“ და „უსარგებლო“. ეს კატეგორიები ცნობიერების სივრცეა და ემოციისთვის ადგილს არ ტოვებს.
თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, აბსოლუტურად უპრიანია დაისვას კითხვა, რომელზედაც პასუხი არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ დასვლელმა პარტნიორებმაც უნდა გასცენ: საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი, მისი დასავლური მისწრაფებები და სურვილი, გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, არის ცნობიერი გადაწყვეტილება თუ ხელისუფლებების ან ელიტის წარმმომადგენელთა ემოცია, რომლის მამოძრავებელი ფაქტორია „მინდა“ ან „არ მინდა“?
ის, რომ ცალკეული გარემოებებისა თუ საჭიროებების დროს მოიხმობა ხოლმე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ისტორული ფაქტები, საკმარისია ამ „მინდა“ ან/და „არ მინდას“ გასამყარებლად? და ყველაზე მთავარი _ რუდუნებს კი სათანადოდ თავისი ცხოვრების წესით, კანონებით, ღირებულებებით ამ „მინდა-არ მინდას“ სასარგებლოდ ხელისუფლება, ეკლესია, როგორც მისი პარტნიორი და საზოგადოება, რომლის სიკეთისთვისაც უნდა ზრუნავდნენ „პარტნიორები“ ქვეყნის შიგნით?
დიახ, ჩვენი _ ქართული ინდენტობა ფილოსოფიურ კონტექსტშიც კი დასავლურია, ევროპულია, ცივილიზებულია. დიახ, ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი არა იმიტომ არის დასავლეთი, რომ იქ საამური ცხოვრებაა, არამედ ზუსტადაც მოდის ღირებულებით რაობასთან _ თავისუფლება და სამართლიანობა, როგორც დემოკარტიის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ანუ მართლმადიდებლობის რაობაც გახლავთ. აქ არ ვგულისხმობ ინტერპრეტირებულ რაობას იმ პერსონების მიერ, რომელთაც, თუნდაც, წმინდა წერილი ღმერთის მიერ გამოგზავნილი გრაგნილი ან პაპირუსი, იქნებ, სულაც, ელექტრონული ფოსტით მიღებული დოკუმენტი ჰგონიათ.
შესაბამისად, დემოკრატიული აზროვნება და ცხოვრების წესი იმ კანონების ფარგლებში, რომელზედაც დემოკრატიული სისტემის პირობებში თანხმდება საზოგადოება, არანაირად არ მოდის კონფლიქტში არც ერთ აღმსარებლობასთან და მით უფრო მართლმადიდებლობასთან. რაც შეეხება სიყვარულს, როგორც ადამიანების თანაცხოვრების ემოციურ ნაწილს, ეს სცდება საერო ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ნუსხას. ამიტომაც დღეს ეკლესიის ამოცანა გახლავთ იმ „ფილოსოფიური ქვის“ პოვნა, რომელსაც სიყვარული ჰქვია და რომელიც აგრერიგ საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის. შესაბამისად, ამ ორი ინსტიტუტის პარტნიორობა, ანუ სეკულარიზმის პირობებში სახელმწიფოსა და ეკლესიის დანიშნულება, უნდა იყოს ამ იდეის გარშემო გაერთიანება, რადგანაც ეს არის დღეს სწორი გზა, ეს არის გზა გრიგოლ ხანძთელის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველი განმანათლებლების. ეს არის ქართული სახელმწიფოს გზა მომავლისკენ. ყველა სხვა მოცემულობა ამ სამი უმთავრესი ფაქტორის გარეშე განწირული იქნება ლოკალური გამარჯვებიდან უდიდეს მარცხისთვის. სხვა რომ არაფერი, ეს არის ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს გადარჩენის გზაც.”-წერს გოჩა მირცხულავა

მოამზადა ნათია ბერიძემ