“ფონდი „ქართუ“ სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს მოქალაქე 86 სტუდენტს დააფინანსებს”

„ფონდი „ქართუს“ მხრიდან ძალიან მასშტაბური ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტის 86 სტუდენტის დაფინანსებას გულისხმობს“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროექტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია და ის გულისხმობს 5 წლის განმავლობაში სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლების უზრუნველყოფას, რის შემდეგაც, დაახლოებით, 500 სტუდენტი მიიღებს საქართველოში ამერიკულ დიპლომს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
მისივე თქმით, პროექტში აღსანიშნავია კერძო ინვესტიციებიც.
„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფოც არის თანადამფინანსებელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კერძო ინვესტიციები და დახმარებები ფონდების მხრიდან, ამ შემთხვევაში ფონდი „ქართუს“ მხრიდან ხორციელდება ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს სან-დიეგოს უნივერსიტეტის 86 სტუდენტის დაფინანსებას, რაც, ჯამურად, 4 მილიონ ლარზე მეტია. წელს სან-დიეგოს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. პროექტი მიმდინარეობს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის იმ კომპაქტის ფარგლებში, რომელიც 2013 წელს გაფორმდა და გულისხმობს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.