ქალაქში თეთრი ყვავები ფრენდნენ… მე ჩემი სამშობლოს დროშას ვკოცნიდი!

ნინიკო მშვიდობაძის ბლოგი
მე მაშინ პატარა ვიყავი: სამკურნალოდ უკრაინაში, პოლტავის ოლქის ქალაქ კაბელიაკში დავდიოდი. დავდიოდი რა, დედას დავყავდი. ეს იყო ქალაქი თეთრი ყვავებით და დღესაც არ ვიცი, ეს ჩერნობილში ახალმომხდარი აფეთქების შედეგი იყო თუ ბუნებრივი მოვლენა, ფაქტია, ქალაქში მხოლოდ თეთრი ყვავები ფრენდნენ…
იყო მდინარეც, ტყეც, ხალხიც და მაინც სული მეხუთებოდა ამ უცნაურ ქალაქში, სადაც მიცვალებულს მეორე დღესვე მარხავდნენ, სადაც ექიმი ადამიანებს მხოლოდ შუაღამით იღებდა, სადაც დიასახლისი კარტოფილით და ხახვით ქართული კერძის მომზადებას სთხოვდა დედას.
უცხო იყო ეს ქალაქი, სადაც ექიმთან ვიზიტზე უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა და რიგში თვეობით გვიწევდა დგომა… უცხო იყო მაინც… და 12 წლის შავთმიანი გოგოც უცხო იყო ამ ქალაქისთვის, თეთრი ყვავები რომ ასე აკვირვებდა…
და ერთხელაც, ქალაქის მოედანზე სსრკ-ს 15 რესპუბლიკის დროშა გამოფინეს, მგონი ცხრა მაისი იყო…
და გაზაფხულის სიოს აჰყვა, გაიშალა, გაილაღა, გამოანათა საქართველოს დროშამ… ჰო, საბჭოთა საქართველოს, მაგრამ მე მაშინ პატარა ვიყავი და ჩემთვის სულერთი იყო საბჭოთა იყო თუ არა, სამშობლო მომნატრებოდა…
ფრიალებდა დროშა, ნიავს მიყვებოდა, იღიმებოდა, დიახ, იღიმებოდა და ხარობდა…
უამრავი ხალხი ირეოდა მოედანზე…
12 წლისა, კაფანდარა და გალეული გოგო ვიდექი და ჩემს დროშას შევხაროდი.
უცებ მოვწყდი ადგილიდან და იმ შემაღლებულ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც დროშები იყო გამოფენილი. და როცა ნიავმა ისევ ააფრიალა, ხელი წავატანე და ვაკოცე…
დღესაც არ ვიცი რა იყო ეს, მონატრება თუ ასე მყარად კოდირებული სიყვარული, ფაქტია, ვაკოცე…
ერთი წლის მერე ცხრა აპრილი იყო… მანამდე, ცხრა აპრილამდე გავაცნობიერე, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს და მას ქართველები უნდა ვმართავდეთ…
მერე მიყვარდა სამფეროვანი დროშა, შინდისფერი რომ სჭარბობდა, მერე – ახლანდელი…
მაგრამ იქ, იმ უცხო ქალაქში გაჩენილმა ემოციამ მიმახვედრა, რომ უფალივით მეტი და ბევრია სამშობლოს სიყვარული, თუნდაც ის საბჭოთა იყოს…
ქალაქში თეთრი ყვავები ფრენდნენ…
მე ჩემი სამშობლოს დროშას ვკოცნიდი…

რატომ გამახსენდა? დღეს ყველა რომ გულზე მჯიღს იცემთ მამულიშვილობის გამო, იმიტომ. ვერ ვიტან შეჯიბრს, მაგრამ ერთადერთი, სამშობლოს სიყვარულია, სადაც და რაშიც ყველას გაგეჯიბრებით!!!