“ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე სამონადირეო ტურიზმის განმახორციელებელი იტალიური კომპანია Montefeltro-ს  წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სამონადირეო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის სამონადირეო ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებაა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის, სამონადირეო მეურნეობების განვითარების, ასევე, მცირე პოპულაციის ცხოველთა და ფრინველთა სახეობების აღდგენა-მოშენების საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი მუკნიაშვილი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი – რევაზ ბეჟაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.