ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლა. მირიან ქათამაძემ გადაწყვეტილება TV 25-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ მიიღო, რომელშიც ნეპოტიზმსა და 15 პირის ფიქტიურად დასაქმებაზეა საუბარი.

გათავისუფლების მიზეზად ქათამაძემ ჟურნალისტთან არაკორექტული საუბარი დაასახელა. ასევე თქვა, რომ შეისწავლიან ყველა შრომით ხელშეკრულებას, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს. „სანდასუფთავების“ უკვე ყოფილი უფროსი სულიკო ბლადაძე TV 25-თან ინტერვიუში ადასტურებდა ნეპოტიზმის ფაქტს და ამბობდა, რომ სამსახურში ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული.