„ქუჩური გარჩევა“ სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, შსს-ს იმ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რის მიხედვითაც ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების, “ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას.
„ეს კანონი რომ ყოფილიყო, ბევრ შემთხვევას ავირიდებდით თავიდან. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ხორავას ქუჩის ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ყველამ კარგად ვიცით, რომ წინ უძღოდა ამგვარი ტიპის გარჩევები და იმ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტები რომ გვქონოდა, შესაძლოა, უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.