“ყაზტრანსგაზი”: დიღომში, ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” საცხოვრებელი კორპუსის შესაძლო აფეთქების ფაქტზე, განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ დიღომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. განცხადების თანახმად, შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში იყო, რამაც ბინაში გაზის დაგროვება გამოიწვია. აღნიშნულის გამო, საფრთხე შეექმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ​
​კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. # 2-ში მდებარე კორპუსის ერთერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი იყო გახსნილ მდგომარეობაში და ბინაში გაზი გროვდებოდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა. ასევე, მადლობა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დროულად აღმოაჩინეს საფრთხე და გადაარჩინეს კორპუსის მოსახლეობა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გახსოვდეთ, რომ დაუდევრობითა და უყურადღებობით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ნუ დატოვებ ღიად გაზის ონკანს!”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.