“შერემეტიევოს” აეროპორტში ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომები გახდა

სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა (ავიაკატასტროფების გამომძიებელი რუსეთის ორგანო) 5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის თაობაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნა წინასწარია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის, თუმცა გამოკვეთილია ძირითადი სურათი, რომლის მიხედვითაც კატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის რამდენიმე შეცდომა გახდა: 1) ეკიპაჟს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია და თანამგზავრული ფოტოებიც აფრენის მიმართულებით ჭექა-ქუხილის და ღრუბლების არსებობის თაობაზე, ამას მონიტორზეც ხედავდნენ, მაგრამ გვერდი არ აუარეს (როგორც ირკვევა ამას პილოტების უმრავლესობა არ აკეთებს);
2) ელვამ თვითმფრინავი დააზიანა და მას შეეძლო როგორც გზის გაგრძელება, ასევე უკან დაბრუნება. ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აეროპორტში დაშვებას არ განიხილავდა როგორც საგანგებო სიტუაციას. მკაფიოდ არ არის მითითებული, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება შეცდომა;
3) წინასწარ დასკვნაში დაწვრილებით არის აღწერილი, რომ დაჯდომისას ეკიპაჟმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა: ვერ შეინარჩუნეს საჭირო სიმაღლე და თვითმფრინავის დახრილობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმართ, დროულად არ წავიდნენ მეორე წრეზე, ვერ გაუმკლავდნენ ხელით მართვის რეჟიმს, არ გამოუშვეს ფრთებზე სპეციალური ფირფიტები, რომლებიც ამცირებენ თვითმფრინავის მასას დაჯდომისას და მიწასთან შეხების შემდეგ ხელს უწყობენ დამუხრუჭებას. არასწორ მომენტში ჩართეს რევერსი და სხვა. შედეგად, თვითმფრინავი სამჯერ დაეხეთქა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და ამას ვეღარ გაუძლო.
წინასწარ დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენად სწორად და ოპერატიულად იმოქმედეს მეხანძრეებმა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიული დაშვებისას „სუხოი-სუპერჯეტ SSJ-100“ ხანძარი გაუჩნდა.