შსს – „მოლოტოვის“ კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთია პირია დაკავებული, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებას გეგმავდა

შსს-მ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, აღნიშნული პირი პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ , გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქ. თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ. სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული 12 ერთეული ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. სამართალდამცველებმა გ.წ. მაშინ დააკავეს, როდესაც ის აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.