ჩეჩნეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილება

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტის გენერალური დირექტორი თბილისში ჩამოსვლასა და ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხების განხილვას აპირებს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, გროზნოსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების ნებართვის მისაღებად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას მიმართავენ. ამის შესახებ, რუსულ ინტერნეტ-გამოცემა „Sputnik-საქართველოს”, კომპანია „ვაინახავიას” გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა აცნობა, რომელიც გროზნოს აეროპორტს ოპერირებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება. ჩეჩნეთის მცხოვრებლები საქართველოში ძირითადად ავტოტრანსპორტით, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის” გავლით ჩამოდიან.

მისი თქმით, ჩეჩნეთში მრავალი ადამიანია, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს. ამიტომ პირდაპირი ავიამიმოსვლის იდეა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა.

ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს საქართველოსთან: ქისტები – ეთნიკურად ჩეჩნები, საქართველოს მკვიდრნი, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ; ტურისტებს შორისაც ბევრი მსურველია. ჩვენებიც მუდმივად ითხოვენ საჰაერო მიმოსვლის დაწყებას, რადგან ხანდახან უღელტეხილი დაკეტილია, რთულია საქართველოში ჩასვლა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა”, – აღნიშნა გამბულატოვმა.
ზამთარში ავტომაგისტრალზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით სირთულეები იქმნება. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზას პერიოდულად კეტავენ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ავიაკომპანიების ამოქმედება იგეგმება თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესასრულებლად. გამბულატოვის, ჩეჩნეთის ერთადერთი აეროპორტის გენერალური დირექტორის თქმით, განიხილება ორი თურქული და ერთი რუსული კომპანიები. გამბულატოვის გეგმებშია ასევე აპრილის ბოლოს თბილისში ჩამოსვლა და ქართულ ავიაკომპანიებთან შეხვედრა, რათა მათ გროზნოში ფრენები შესთავაზოს.