ჩვენი მიზანია, ცივ იარაღზე წვდომა შევუზღუდოთ პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნებსა და ნასამართლევ პირებს, – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღსაკვეთად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რის შესახებაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
„ჩვენი მიზანი, ძირითადად, გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნებსა და ნასამართლევ პირებს. გარკვეული შემთხვევების შემდგომ, მას შემდგომ, რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრების რაოდენობა იყო გაზრდილი და ვნახეთ, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზები, ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ახლო მომავალში შევა ძალაში. ძირითადი მიზნები გახლავთ ის, რომ, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ცივ იარაღზე წვდომა იყოს შეზღუდული, ნასამართლევი პირების წვდომა იყოს შეზღუდული. შესაბამისად, ამას აქვს ძალზე სერიოზული პრევენციული ძალა. მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და იმედია, პარლამენტში სწრაფად გავივლით ამ ცვლილებებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.