ჩინეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 12 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა სულ მცირე 125 კი დაშავდა, თუმცა ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 134-ს აღწევს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შედეგად დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები, ჩამოინგრა სასტუმრო.
ადგილზე მაშველები მუშაობდნენ, რომლებსაც ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავდათ. ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ დასახლებაში 5 ათასი კარავი, 10 ათასი გასაშლელი საწოლი და 20 ათასი პლედი გაგზავნა.
ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა სიჩუანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში 2008 წელს მოხდა. მას 90 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.