ცხოველების წამებაზე სანქციები მკაცრდება და შეზღუდვები იგეგმება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალ კანონპროექტს ამზადებენ, რომლის თანახმად, შინაური ცხოველებისადმი აგრესიული დამოკიდებულება და მათი მონაწილეობა ბრძოლებში ჯარიმას ითვალისწინებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კანონპროექტის დეტალები ცნობილი ორშაბათს პარლამენტის ბიუროში დარეგისტრირების შემდეგ გახდება. მანამდე კი, რამდენიმე სიახლის შესახებ, უკვე ცნობილია:

ცვლილებების პროექტის თანახმად, ყველა შინაური ცხოველი აუცილებელ რეგისტრაციას საჭიროებს, რისთვისაც უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი.

გარდა ამისა, ცხოველების მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, სპეციალურ ორგანოს წარუდგინონ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლების, შთამომავლებისა და მისი გასხვისების ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, იგეგმება შეზღუდვები ცხოველებთა რაოდენობის მხრივ: ბინაში დასაშვებია არანაკლებ 5 ცხოველისა და კერძო სახლში კი – არანაკლებ ათი.

დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარს ითვალისწინებს. რაც შეეხება შინაური ცხოველების ქუჩაში გაგდებას, აღნიშნული ქმედება 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო ვინც ცხოველის ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, იგი 150 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ავტორები ასევე მხარს უჭერენ, გაორმაგდეს ჯარიმა იმ მეპატრონეების წინააღმდეგ, ვინც ცხოველის ფეკალურ მასებს ქუჩაში დატოვებს და 50-ის ნაცვლად, 100 ლარით განისაზღვროს.