წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბური სამუშაოები იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევა, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა. ეს ორი მუნიციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

“პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი აშენდება და გაზგამანაწილებელი სადგური მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, 2897 აბონენტი ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას შეძლებს.

გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327-ია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის, 86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი აშენდება და გაზგამანაწილებელი სადგური მოეწყობა. შედეგად, ბუნებრივი აირით სარგებლობას 1609 აბონენტი შეძლებს. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 8,969-ია.

2019 – 2021 წლებში, საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, 226 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული, საიდანაც 75 – სამეგრელოშია.

გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში 210 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120,000 – ს გადააჭარბებს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.