ჭიათურაში მაღაროელები შიმშილს განაგრძობენ – რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

მაღაროელთა აქცია ჭიათურაში კიდევ უფრო დრამატული ხდება – რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა, შიმშილობს.

გარდა ამისა, გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ.

კომპანია მზად არის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია. პარალელურად, თავის მხრივ, უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულების წინააღმდეგ, სასამართლო დავას იწყებს.

“მეექვსე დღეა, რაც ვშიმშილობთ და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სანამ არ დათანხმდებიან ჩვენს მოთხოვნებს. არანაირი სხვა პირობა – უნდა გადაეცეს ეს კომპანია სახელმწიფოს და უნდა მიხედოს სახელმწიფომ, ამის იმედი გვაქვს ყველას, ისევ ამათი იმედი გვაქვს, თორემ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, სიცოცხლის ფასად გვევაჭრებიან,”-აცხადებს მაღაროელი თემურ შენგელიძე.