ჯუმბერ კირვალიძე: ქვეყნის დეოკუპაცია უძლეველ რუსეთთან დიალოგის გარეშე შეუძლებელია!

– მეთერთმეტე წელი გავიდა, 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ…
– აფხაზების და ოსების უდიდესი უმრავლესობა რუსეთს ოკუპანტად კი არა, “განმათავისუფლებლად” მიიჩნევს და უაღრესად მადლიერები არიან რუსების! ესაა ობიექტური რეალობა
და ცხადია, რომ ის პოლიტიკოსები უშვებენ სტრატეგიულ და საბედისწერო შეცდომას, ვინც აფხაზებთან და ოსებთან “შერიგების” დიალოგის იმედად არიან და უარყოფენ იმის საჭიროებას, რომ საქართველომ ოკუპანტ რუსეთთან “კომპრომისული” მოლაპარაკების შედეგად და მათი “ზემოქმედებით”, – შეძლოს აფხაზების
და ოსების “დათანხმება” ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე! ხომ არ გვავიწყდება, რომ საქართველოს ამ ორ ისტორიულ მხარეში, სწორედ რუსეთია ავტორი და “შემომქმედი” აფხაზურ-ოსური სეპარატიზმისა!
აქედან გამომდინარე:

1) ვინც, 20 საუკუნის გარიჟრაჟზე აფხაზეთში და ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” შექმნა სეპარატიზმის კერები და ათეულობით წელი კვებავდა მათ…
2) ვინც, ამ საქმისთვის აფხაზებისგან და ოსებისგან ამზადებდა შესაბამის სეპარატისტულ კადრებს…
3) ვინც, საქართველოს ამ ორი კუთხის ისტორიას ამახინჯებდა, აყალბებდა…
4) ვინც, თესავდა ეთნიკურ შუღლს ქართველებსა და აფხაზ-ოსებს შორის…
5) ვინც, ქართველების ეთნოწმენდაში დაეხმარა სეპარატისტებს…
6) ვინც, სამხედრო დახმარება გაუწია და ომი “მოაგებინა” სეპარატისტებს…
7) ვინც, სეპარატისტების მარიონეტული “სახელმწიფოების დამოუკიდებლობა” აღიარა”…
8) ვინც, ეკონომიკურად და ფინანსურად 100%-იან დახმარებას უწევდა და უწევს მარიონეტულ ხელისუფლებებს…
9) ვინც, დღეს მავთულხლართებს ავლებს, “აფიქსირებს საზღვრებს” და ქართველებს იტაცებს საოკუპაციო ხაზიდან, თან ყოველ წუთს მზადაა, სამხედრო ბაზების მეშვეობით დაიცვას აფხაზ-ოსთა “დამოუკიდებლობა” ქართველთა “თავდასხმისაგან…
10) ვინც, საერთაშორისო ასპარეზზე, რამოდენიმე სახელმწიფოს მისი “რჩევით აღიარებინა” სეპარატისტული რეგიონების “დამოუკიდებლობა”…
ჰოდა:
ა) განა, ეს სახელმწიფო რუსეთი არ არის, – აგრესორი და ოკუპანტი?!
ბ) განა, რუსების მიერ ჩვენს მიმართ ჩადენილი ამ სიბოროტის გამო, რაც ზემოთ არასრულად ჩამოვთვალე, არ იმსახურებს რუსეთი იმას, რომ ქართველებმა “პანღურის კვრით” გავაგდოთ ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიდან?! იმსახურებს და მერე როგორ!!!
მაგრამ…
გ) განა, ჩვენ არ ვიცით, რომ მარტოკა საქართველო ამას ვერ შეძლებს, უდიდესი სამხედრო და სხვა რესურსების კატასტროფული განსხვავების გამო?!
დ) განა, ზებირთვულ რუსეთთან ერთ-ერთზე ომი, ქართულ სახელმწიფოს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის არსებობას გამოუსწორებელ შედეგებს არ მოუტანს, – რამდენი პროცენტი გვაქვს გამარჯვების შანსი?!
ე) განა, არ ვიცით, რომ აშშ და ევროკავშირი, ნატო-ს სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოები, რუსეთთან ომის შემთხვევაში სამხედრო ძალით არ და ვერ დაგვეხმარებიან, განა არაერთხელ არ განაცხადეს ამის შესახებ?!
ამიტომ…
დიახ! ყოველივე ზევით მოყვანილი არგუმენტების შემდეგ, განა არსებობს რაიმე სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებების ურთულესი პროცესი, არაპროგნოზირებად რუსეთის ხელისუფლებასთან?!
აბა, სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება, სამხედრო თვალსაზრისით უძლეველ სახელმწიფოსთან პერმანენტული დიალოგის გარეშე?!

P.S. იქნებ, ვინმეს გგონიათ, რომ ოკუპანტი რუსები – “ერთ მშვენიერ დღეს ცუდ ხასიათზე გაიღვიძებენ და თავისი ნებით აიკრავენ გუდა-ნაბადს”, – ჩვენი მიწა-წყლიდან?! ან კიდევ, იქნებადა რუსეთის “დაშლას დაველოდოთ”?!
კი ბატონო, მაგრამ, ისე არ დაგვემართოს, – “სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო”!!!…