1-ელ ივნისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს

წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის  და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს.

დღეს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის,  წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა.

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება. საზეიმო წირვები ამ დღეს ქვეყნის ყველა სხვა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც  გამობრძანებულია წმინდა ნინოს ჯვარი, ღვთისმსახურება აღავლენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II – მ.

ხოლო, 9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ახლა უკვე ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.
ინტერნეტ–პორტალი „თვალსაზრისი“ ულოცავს სრულიად საქართველოს ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს.