11 აგვისტო წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეა

ევსტათი მცხეთელი სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი – ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

განრისხებულმა მარზპანმა მისი დასჯა ბრძანა: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს – შეეწყალებინათ. სპარსეთის მეფემ ის თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა – ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.

ქართლის ახალი მარზპანი ვეჟან ბუზმირი გახდა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: “ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაჲთა”.

წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: “უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტიანობით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთა და ფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს”.

წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: “შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა”. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად.

მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. მისი ცხედარი ქრისტიანებმა, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძანა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.