9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი 27 მაისს გახდება ცნობილი

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე, განაჩენი 27 მაისს გახდება ცნობილი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, დასკვნით სიტყვაში ყურადღება გამახვილდა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი

„ჩვენ სასამართლოს ვაჩვენეთ მტკიცებულებები და ის, თუ რა დასტურდება. გვაქვს იმედი, რომ სასამართლო გაითვალისწინებს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც აშკარა, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია”- განაცხადა გუგუტიშვილმა.

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, მას ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.