Whatsapp-მა ხარვეზი აღმოაჩინა, რის გამოც ტელეფონებში სათვალთვალო პროგრამა ხვდებოდა

პოპულარულმა უფასო სისტემამ WhatsApp-მა სერიოზული ხარვეზი აღმოაჩინა, რის გამოც ტელეფონებში სათვალთვალო პროგრამა ხვდებოდა, იუწყება BBC.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით WhatsApp-ის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 1,5 მლრდ ადამიანს შეადგენს.

როგორც ირკვევა, უსაფრთხოების სისტემის ნაკლი თავად WhatsApp-მა, ათი დღის წინ აღმოაჩინა და მაშინვე აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს აცნობა.

გავრცელებული ინფორმაციით, სისტემაში არსებული ხარვეზის გამო, ჰაკერები იოლად ახერხებდნენ ტელეფონებზე სათვალთვალო პროგრამის დაყენებას: ისინი მომხმარებელს ურეკავდნენ და იმ შემთხვევაშიც კი, როცა აბონენტი ზარს არ პასუხობდა, მსხვერპლის ტელეფონზე მაინც იტვირთებოდა ვირუსული პროგრამა. ამის შემდეგ სმარტფონის კამერისა და მიკროფონის მეშვეობით, აბონენტის თვალთვალი ხდებოდა შესაძლებელი.

რაც ყველაზე საინტერესოა, შემოსული ზარის შესახებ ინფორმაცია, სმარტფონის მეხსიერებიდან, საერთოდ ქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ WhatsApp-მა უკვე აღმოფხვრა ხარვეზი და ახლა დაჟინებით ურჩევს მომხმარებლებს, სასწრაფოდ განაახლონ მობილური პროგრამა უახლეს ვერსიამდე.